საქართველოს ნაკრების 6 მოსწავლისგან შემდგარი გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალით დაბრუნდა!

ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალით დაბრუნდა 6 მოსწავლისაგან შემდგარი საქართველოს ნაკრები გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც 7-14 ივლისს რუმინეთის ქ. კლუჟ ნაპოკაში გაიმართა.


მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული ნაკრები კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და ლუკა მუშკუდიანი. მათგან საბა ლეფსვერიძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა, გუნდურ ჩათვლაში 133 ქულა მოიპოვა და 27-ე ადგილი დაიკავა.


გუნდს ხელმძღვანელობდნენ - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ- პროფესორი, ლიდერი, გიორგი ჭელიძე, თანალიდერი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, გივი ნადიბაიძე, ასისტენტი - აღნიშნული ოლიმპიადის IMO 2017 წლის ოქროს მედალოსანი (ინდივიდუალური შედეგი მე-5 ადგილი 630 მოსწავლეს შორის) ალექსანდრე საათაშვილი.


მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ.


კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს! 

ზემოთ